რაჭა ცნობილია ბუნების მრავალფეროვნებით, ალპური ტბებით, ტყეებით და კულტურული ძეგლებით. რაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები იყვნენ და არაერთი ოდა აქვთ აშენებული, რომელიც ულამაზესი ჩუქურთმებითაა მოპირქეთებული.
რა ვნახოთ რაჭა-ლეჩხუმში
აუცილებლად შეჩერდით შაორის წყალსაცავთან, რომელიც რაჭისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ თევზაობა, ცურვა თუ პიკნიკის მოწყობა. არ გამოტოვოთ ულამაზესი უძირო ტბა, მყინვარი ბუბა და სასვანოს ტბები. კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი რაჭის უმაღლეს წერტილშია, სადაც ადამიანები სამკურნალოდ ან გასაჯანსაღებლად ჩადიან.
რაჭა-ლეჩხუმის კლიმატი
რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ზამთარი ცივი და გრძელია, ზაფხული-ხანმოკლე. 2000 მეტრის ზემოთ ადგილებში ზაფხული საკმაოდ გრილია, ჰავა ნოტიო და ნივალურია.
რაჭული სამზარეულო
რაჭაში სტუმრობისას დააგემოვნეთ ლობიანი, ლობიოს შეჭამანდი და შქმერული (ნიორსა და რძეში ჩადებული ქათამი). რაჭველები ლობიანს თონეში აცხობენ და გულსართს ლორს ურევენ. რაჭული ლორი ცნობილია და როგორც წესი, ყოველთვის დევს სუფრაზე, რასაც საწებელთან მიირთმევენ.
რაც შეეხება ყურძნის ჯიშს, ამჟამად რაჭაში მრავლად გვხვდება: კახური საფერავი და თავკვერი, რქაწითელი, ციცქა-ცოლიკოური, გორული მწვანე და სხვ.